21:26 17 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში

რატომ აატირა მუზეუმის რიგში მდგომი ხატია სიჭინავა მეუღლემ

© FB/ Khatia Sichinava
ცნობილების ვოიაჟი
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
18420

ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმრად ძალიან საინტერესო და მხიარული ადამიანი შევარჩიეთ. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა უკვე წლებია ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრშია მოქცეული და არ კარგავს პოპულარობას.

ხატია ბედნიერი ქალი და ბედნიერი დედაა. მისი და ცნობილი სპორტსმენის, მოჭიდავე რამაზ ნოზაძის სიყვარულის ისტორია შთამბეჭდავი და სამაგალითოა. როგორც ხატია ამბობს, საყვარელ მეუღლესთან ერთად მშვიდად და ლაღად გრძნობს თავს და მოგზაურობაც ყველაზე მეტად მასთან ერთად ანიჭებს სიამოვნებას.

– ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე წელიწადში ერთხელ აუცილებლად გავდივართ ქვეყნიდან. გვიყვარს ახალი ქვეყნების, სხვა კულტურისა და უცხო მენტალიტეტის მქონე ადამიანების გაცნობა. ეს თითქოს სულიერ საზრდოს გაწვდის ადამიანს.

ხატია სიჭინავა პეკინში
ხატია სიჭინავა პეკინში

– უფრო როგორი ტიპის ქვეყნები გიტაცებთ?

– ინტერესის სფეროს ჩვენთვის ყველა ის ქვეყანა წარმოადგენს, რომელიც არ გვინახავს. არ აქვს მნიშვნელობა, ევროპა იქნება ეს თუ აზია. მთავარია პირველი ეფექტი და უცხო ატმოსფერო. თუმცა არის ქვეყნები, სადაც მეორედაც სიამოვნებით ვიმოგზაურებთ.

– გაიხსენეთ პირველი მოგზაურობით განცდილი შთაბეჭდილებები.

– ეს იყო ამსტერდამში. მაშინ პირველად გავედი ქვეყნიდან ჩემს ქმართან ერთად, ამიტომ ყველაზე მეტად ეს მოგზაურობა დამამახსოვრდა. მივხვდი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი და მასთან ერთად მარტო გატარებული დრო და  მოგზაურობა მერჩივნა ყველანაირ მეგობრულ მოგზაურობებს. რამაზთან ერთად ლაღად, მშვიდად ვარ, ამავდროულად ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და შემიძლია ვიგიჟო კიდეც. მოკლედ, ყველა ასპექტში ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი.

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ბარსელონაში
ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ბარსელონაში

– ყველაზე შთამბეჭდავი რომელი მოგზაურობა იყო თქვენთვის?

– ჩვენი ყველა მოგზაურობა დასამახსოვრებელია. მაგრამ ამსტერდამში, მეორე შვილზე ვიყავი ორსულად, მადამ ტუსოს მუზეუმთან გარეთ რიგში ვიდექით. ძალიან წვიმდა და თავშესაფარიც არსად ჩანდა. უეცრად ჩემი ქმარი გაიქცა, ქუჩა გადაირბინა, ნაგვის ურნასთან მიყუდებული გატეხილი ქოლგა აიღო, მოირბინა და გადამაფარა. მთელ რიგში ტაშის ხმა გაისმა. გული ამიჩუყდა. კარგია, რომ წვიმდა და ჩემი ბედნიერების ცრემლები არ ჩანდა.

– რომელი ქვეყნის ტრადიციებმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება?

– ბოლოს ვიყავი პეკინში, სადაც არავითარი სოციალური ქსელი, „ვაიბერი“ ან სხვა კომუნიკაცია არ არსებობს. ქვეყანაში სერვერია დაბლოკილი. თავიდან გავოცდი, მერე მივხვდი, რომ სულიერად დავისვენე. მომეწონა და მივესალმები, ჩვენთანაც რომ დაიბლოკოს, რადგან მე თვითონ ვერ ვიმეტებ დასაბლოკად.

რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა პრაღაში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა პრაღაში

– რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოყოფდით?

– უცხო სამზარეულო მიყვარს და მიტაცებს. თუმცა, ალბათ, ბარსელონას გამოვარჩევდი, სადაც ძირითადად კალმარებს მივირთმევდით და ბოლოს ვხუმრობდით, ზღვაში რომ შევცუროთ, თევზებს თავისიანი ვეგონებითო.

– ქვეყანა, სადაც დაუფიქრებლად იცხოვრებდით.

– ქვეყანა არ მეგულება, სადაც დაუფიქრებლად ვიცხოვრებდი, რადგან არასდროს დავფიქრებულვარ ამაზე.

მთავარი თემები