21:23 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)
55 0 0

მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაცია კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვის დიდ გამოწვევად იქცევა, მიაჩნია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები, ასევე საერთაშორისო საზოგადოება მთიან ყარაბაღში ვითარების შემდგომ ესკალაციას არ დაუშვებენ, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პატრიარქის გზავნილში

სიტუაცია მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილიდან მკვეთრად გამწვავდა – ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევის ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

ილია მეორე წერს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული ფართომასშტაბიანი დაპირისპირება მის შეშფოთებას იწვევს.

„ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები. ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა“, – ნათქვამია პატრიარქის წერილში. 

კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დეესკალაციის ნებისმიერი ფორმით ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. ოფიციალურმა თბილისმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა, რათა შეწყდეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები. 

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (96)

მთავარი თემები