კონფლიქტი მთიან ყარაბაღში: სომხეთმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა

© REUTERS / MELIK BAGHDASARYANსაყოველთაო მობილიზაცია სომხეთში
საყოველთაო მობილიზაცია სომხეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჯარებში რეგისტრირებული პირად შემადგენლობას ტერიტორიულ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადება უბრძანა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ.

„მთავრობის გადაწყვეტილებით სომხეთის რესპუბლიკაში ცხადდება სამხედრო მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნების მომენტიდან შედის. პირად შემადგენლობას, რომელიც ჯარებშია რეგისტრირებული, ვუბრძანებ გამოცხადდეს ტერიტორიულ სამხედრო კომისარიატებში. სამშობლოსთვის, გამარჯვებისთვის“, - დაწერა თავის Facebook-გვერდზე რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

ბაქო და ერევანი ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. ასე, სომხეთში ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და აფეთქებულ ტანკებზე საუბრობენ, ხოლო აზერბაიჯანში - განადგურებულ საზენიტო კომპლექსებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0