თბილისი, 14 მაისი - Sputnik. სომხეთის მოქალაქეებმა დატოვეს რუსულ-ქართული ნეიტრალური ზონა „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
„ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა სომხეთის 15 მოქალაქე, რომელსაც ამ გზით სამშობლოში დაბრუნება სურდა. თუმცა საქართველოს მიერ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გამო, რომელიც ქვეყანაში უცხოელების შემოსვლას კრძალავს, მათ საზღვრის გადმოკვეთა ვერ შეძლეს.
„ქართულმა მხარემ ნეიტრალური ზონის დატოვების მოწოდებებისა და თხოვნის შემდეგ მოქალაქეებს ულტიმატუმი წაუყენა, რადგან მათი იქ ყოფნა საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობას უშლიდა ხელს“, - ნათქვამია სომხეთის საელჩოს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამის შემდეგ მოქალაქეებმა დატოვეს ზონა და ამჟამად რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
საელჩო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეეცადონ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გამგზავრებას, არამედ მიჰყვნენ დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ დადგენილ წესებს.
ადრე საქართველოში მოქმედ სომხეთის საელჩოში „Sputnik-სომხეთს“ განუცხადეს, რომ მოქალაქეები აღმოჩნდნენ ნეიტრალურ ზონაში და ამით საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მუშაობაში ხელი ეშლებოდა. სომხეთის მოქალაქეების მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ქართველმა მებაჟეებმა მხოლოდ გზის გათავისუფლება მოითხოვეს.
სამშაბათს, 12 მაისს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ჩარჩენილ მოქალაქეებს შეხვდნენ საელჩოს თანამშრომლები, რომლებმაც მათ გადასცეს საკვები და პირველადი საჭიროების საგნები. ადრე სომხეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, დაბრუნდნენ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომენდატურის სქემით და მონაწილეობა არ მიიღონ კერძო ინიციატივებში.
საქართველოში გრძელდება აკრძალვა უცხოელების შემოსვლაზე. აკრძალვა არ ვრცელდება ტვირთგადაზიდვებზე.