თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. სომხეთმა 2020 წლის 26 იანვრიდან ჩინეთში წარმოებული პროდუქტების და ცხოველური წარმომავლობის ნედლეულის იმპორტი აკრძალა. აკრძალვა ვრცელდება სხვა პროდუქტების შემოტანაზეც, რომლებიც ჩინური ნედლეულით არის დამზადებული, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
შესაბამისი ბრძანება გამოსცა სომხეთის სასურსათო უვნებლობის საინსპექციო ორგანოს ხელმძღვანელმა. აღნიშნულია, რომ აკრძალვა ჩინეთიდან სომხეთში კორონავირუსის შეღწევის პრევენციის მიზნით დაწესდა.
როგორც საინსპექციო ორგანოს ვებგვერდზეა აღნიშნული, აკრძალვის საფუძველი გახდა ჯანმო-ს და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების შესახებ.
აკრძალვა იმოქმედებს მანამდე, სანამ არ გავრცელდება ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორივე ორგანიზაციამ ჩინეთი კორონავირუსისგან თავისუფალ ქვეყნად აღიარა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩინეთში სწრაფად იზრდება.
„მაღაზიებში არ არის პური, წყალიც მთავრდება“ - როგორ ცხოვრობს ქართველი გოგო ჩინეთში >>
ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, მალაიზიაში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ჰონგ-კონგში, ტაილანდში.
ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა. ექიმების თქმით, კორონავირუსს ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაციება, ხველა, ყელის ტკივილი და მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში, შეინიშნება პნევმონიისა და ბრონქიტის მსგავსი სიმპტომები. რისკის ჯგუფში არიან დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, ბავშვები და ხანდაზმულები.