თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სომხეთში საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში შიდაპოლიტიკური კრიზისი საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის ელჩებთან განიხილა, იუწყება „Sputnik–სომხეთი".
„დღეს სომხეთში რუსეთის, აშშ-სა და საქართველოს ელჩებთან — ივან ვოლინკინთან, რიჩარდ მილზთან, გიორგი საგანელიძესთან და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან პეტრ სვიტალსკისთან შეხვედრები გავმართე", — დაწერა ფაშინიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
ფაშინიანმა ელჩებს ქვეყანაში შექმნილი შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.
პოლიტიკოსმა დასძინა, რომ სომხეთში აკრედიტირებულ ელჩებთან შეხვედრები გაგრძელდება.
სომხეთის ყოფილი პრემიერი სერჟ სარგსიანი 23 აპრილს მასობრივი საპროტესტო მოძრაობის ფონზე გადადგა. ოპოზიციამ მთავრობის მეთაურის პოსტზე ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წამოაყენა. სამშაბათს მმართველი „რესპუბლიკური პარტიის" ფრაქციამ, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს, მხარი არ დაუჭირეს ფაშინიანის კანდიდატურას.
საპასუხოდ ფაშინიანმა ქვეყნის მოსახლეობას ტოტალური გაფიცვისკენ მოუწოდა. ოპოზიციონერის მომხრეებმა მთელ რესპუბლიკაში დაბლოკეს ქუჩები, გზები, ავტოტრასები და ხიდები. 2 მაისს, საღამოს „რესპუბლიკელებმა" განაცხადეს, რომ ისინი განმეორებით კენჭისყრაზე, რომელიც 8 მაისს გაიმართება, ფაშინიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.