თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. მამაკაცი, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში ერევანში ბანკი გაძარცვა, საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს, იუწყება РИА Новости სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროს აშოტ აგარონიანზე დაყრდნობით.
„კონვერსბანკის“ ფილიალზე 9 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმისას 200 000 დოლარის ეკვივალენტი თანხა მოიპარეს. სამართალდამცველების მონაცემებით, ბოროტმოქმედები ფილიალის მმართველს აფეთქებით დაემუქრნენ და თანხა გაიტაცეს. სომხეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით ყაჩაღობა, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გატაცების მიზნით არის ჩადენილი. აღნიშნული მუხლით მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„სომხეთისა და საქართველოს პოლიციის თანამშრომლების ურთიერთქმედების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე 17 დეკემბერს გამოვლენილია პიოტრ ციგანკოვი, რომელიც ერევანში „კონვერსბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის გზით დიდი თანხის მოპარვის გამო იძებნებოდა. ქართველ კოლეგებთან მისი ექსტრადიციის პროცედურა განიხილება“, — განაცხადა აგარონიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოქტომბრის შუა რიცხვებში დააკავეს ერევნის მცხოვრებნი დავიდ გრიგორიანი, არსენ გრიგორიანი და მარატ გალსტიანი. ქალაქ აშტარაკის მკვიდრ პიოტრ ცვიგანკოვზე ძებნა გამოცხადდა.
გარდა ამისა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ერევნის მკვიდრის, აშოტ მანუკიანის კუთვნის ბინასა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი ორი მჭიდით, პისტოლეტი მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და მოპარული სანომრე ნიშნები. მანუკიანიც ასევე დაკავებულია.