20:20 23 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
29 0 0

ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია დარეგისტრირებული.

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 28-კაციან მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას გზავნის, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიამ გაართულა. ამის გამო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა გადაწყვიტა საქართველოში არჩევნების დღისთვის არ გამოგზავნოს 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი. დამკვირვებლებს არ გზავნის ევროპარლამენტიც. 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 28 მოკლევადიან დამკვირვებელს გზავნის. ალბანელი დეპუტატი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე სხდომის მომხსენებელი ელონა გჟებრეა ჰოჯა ეუთოს დამკვირვებელთა მოკლევადიანი მისიის ხელმძღვანელისა და სპეციალური კოორდინატორის ფუნქციას შეასრულებს, ფინელი დეპუტატი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებში პია კაუმა კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა დელეგაციას უხელმძღვანელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიანი დამკვირვებლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ OSCE/ODIHR-ის 27 გრძელვადიან დამკვირვებელთან და 13-წევრიან ძირითად გუნდთან, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებთან.

დამკვირვებლები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ არჩევნების ადმინისტრირების პროცედურებს, საარჩევნო დღის პროცედურებსა და მასმედიის მიერ არჩევნების გაშუქებას. საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასწარი დასკვნების შესახებ განცხადებას 1 ნოემბერს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს.

ბოლო მონაცემებით, ცესკოში არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია რეგისტრირებული.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდება.

ეს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. პარლამენტში აირჩევენ 120 დეპუტატს პროპორციული და 30-ს – მაჟორიტარული სისტემით.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები