სახელმწიფო აუდიტმა „გირჩის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „გირჩი", რომლის ანგარიშზეც ნული ლარია, საკუთარ ტელეარხზე რეკლამის განთავსებისთვის დააჯარიმეს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყველაზე კრეატიული პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეოჩართვისას განაცხადა. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
„პროცესში ახალ ტექნოლოგიებს რთავენ“ – „ქართული ოცნება“ შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს

ჯაფარიძის თქმით, პოლიტიკური რეკლამის შესახებ კანონის დარღვევისთვის სახელმწიფო აუდიტი „გირჩს“ ჯარიმის სახით 1,6 ათასი ლარის გადახდას სთხოვს. საუბარია რეკლამაზე, რომელიც პარტიამ საკუთარ ტელეარხზე „გირჩი TV“ განათავსა.

„ჩვენ გვითხრეს, რომ ამ რეკლამის ღირებულება 828 ლარია. როგორ გამოითვალეს – არ ვიცი, მაგრამ ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ ჯარიმა ორმაგი ოდენობით გადავიხადოთ... „გირჩს“ არც ერთი გარე რეკლამა არ აქვს – არც ბილბორდები, არც ბანერები, იმიტომ რომ ჩვენ საამისო თანხები არ გვაქვს, ისევე, როგორც არ გვაქვს სატელევიზიო რეკლამის თანხები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტელევიზია, სადაც მუდმივად გადის „გირჩის“ რეკლამა. უფრო მეტიც, ამ ტელეარხს ისეთივე ლოგოტიპი აქვს, როგორიც ჩვენს პარტიას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ ვიდეოჩართვა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ფონზე განახორციელა და აღნიშნა, რომ არ გეგმავს სასამართლო პროცესებზე დასწრებას და „ამ მასკარადში მონაწილეობას“. გარდა ამისა, პოლიტიკოსი არც ჯარიმის გადახდას აპირებს და აცხადებს, რომ პარტიის ყველა ანგარიში ისედაც დაყადაღებულია. 

Facebook-გვერდი კომპიუტერის ეკრანზე - Sputnik საქართველო
სოციალური ქსელი და არჩევნები საქართველოში: რეკლამა, ფეიკები, კომპრომატი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის პერიოდში დაახლოებით 23 მლნ ლარი დახარჯეს, აქედან 12,6 მლნ-ზე მეტი წინასაარჩევნო რეკლამისთვის.

სარეკლამო ხარჯებით მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს, რომელმაც სარეკლამო კამპანიისთვის დაახლოებით 7,2 მლნ ლარი დახარჯა, მეორე ადგილზეა ბლოკი „ძალა ერთობაშია“ 1,8 მლნ ლარით, მესამეზე კი „ლელო საქართველოსთვის“, რომელმაც რეკლამაზე 1,79 მლნ ლარი დახარჯა.

ცხრა ყველაზე რეიტინგულმა პარტიამ მთლიანობაში 21 მლნ ლარი დახარჯა, კიდევ 41-მა პოლიტიკურმა ძალამ კი 2 მლნ ლარი.

ამის ფონზე პარტია „გირჩის“ სარეკლამო ხარჯები ნული ლარია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0