13:05 19 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2888
  • 100 RUB4.6555
  • USD2.9736
ქართული ოცნების ოფისი

პოლიტიკური „კუწურიეს“ დაწუნებული სამოსი, ანუ „ოცნება“ ისევ მოდაშია?

© Sputnik / Alexander Imedashvili
ანალიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
1048 0 0

ძველი ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი... როგორ ითვლის პოლიტიკური ისტებლიშმენტი და როგორ ითვლება მათი უხეირო გათვლები? რა განწყობაა ხალხში ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებაში? ანუ ნაკლები რეალობა და მეტი ოცნება...

სამსონ ხონელი

არავის გავაკვირვებ, მოქალაქეები ითვლიან შემოსავალს და გასავალს. იშვიათი გამონაკლისის გარდა ბალანსი უარყოფითია ხოლმე. ბიზნესში ითვლიან მოგებას, ზარალს. ვეჭვობ, ვცდებოდე და გუმანი მღალატობდეს, რომ არსად ისე არ ითვლიან, როგორც პოლიტიკაში... უკვე მრავალი წელია მათი გათვლები ხეირის მომტანი არ არის. თუმცა, გააჩნია, ვისთვის როგორ? სათავისოდ იშვიათად ეშლებათ, მაშინაც კი, როცა აგებენ. პოლიტიკა ის სფეროა, სადაც ზოგჯერ წაგებულიც მოგებულია და პირიქით. სტატუსს საარჩევნო ადმინისტრაცია ანიჭებს, ის ითვლის − ვის სად რამდენი მისცეს...

ბოლო დღეების ქრონიკამ გვიჩვენა: ჩვენში მხოლოდ თვლა როდია მოდაში. ოცნება კვლავაც მოდაში რჩება. სტილი დაუძველდა, ფერები გაუხუნდა პოლიტიკური მოდის დიზაინერს. ნახელისუფლარი ახლადშეკერილ სამოსს არ ირგებს, აცხადებს, რომ „შეტევაზე“ მიდის. პოლიტიკური „კუწურიე“ მუქარას არ იმჩნევს, ჯიუტად „აწვება პირველ ჩვენებას“, ამბობს, რომ რაც იყო, დამთავრდა, ძველით შემოსვას აღარასოდეს დაუშვებს. 19 მაისის პოლიტიკურ ბატალიებსა და დამდგარი შედეგის შესაძლო შედეგებზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც მთაწმინდელები მეორე ტურში საბოლოო სიტყვას ბრძანებენ და ჩვენც სრული სურათი გვექნება იმაზე, როგორია ძველი ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი...

არავინ იფიქროს, თვლა ამით დასრულდა. ამასობაში აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოების განწყობებს ითვლის. გაგიკვირდება კაცს, თურმე, განწყობაც თვლადი ყოფილა. სარკაზმის გარეშე. მაშინ, როცა პოლიტიკური ისტებლიშმენტი შუალედური არჩევნებისთვის ემზადებოდა, ამომრჩეველს უთვალავ სიკეთეს ჰპირდებოდა და საკუთარ შანსებს ითვლიდა, საერთაშორისო ორგანიზაცია ევროკავშირისა და ნატოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას იკვლევდა.

საველე სამუშაოები 28 მარტიდან 15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა და სულ 2 927 რესპონდენტი გამოიკითხა.

მთავრობის გაცხადებული მიზანი – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი – საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 77 პროცენტისთვის მისაღებია. შესაბამის კითხვაზე უარყოფითი პასუხი გამოკითხულთა 13 პროცენტმა დააფიქსირა, ხოლო 10 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

უცხო არ არის, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას საკუთარი ამოცანების გადაწყვეტას უკავშირებს. მათ შორის, პირველ რიგში ეს არის ევროპის ქვეყნებში ხანგრძლივი პერიოდით ლეგალურად ცხოვრება და დასაქმება. არავინ ელოდება, რომ საქართველო უახლოეს მომავალში შეუერთდება ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, მგავსი ილუზიები არავის აწუხებს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სულ უფრო ინტენსიურია ქვეყნის თანამშრომლობა ევროპულ თანამეგობრობასთან. ორ წელზე მეტი გავიდა, რაც ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმება გაფორმდა და მას შემდეგ ვიზალიბერალიზაცით საქართველოს ექვსასი ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. ერთი პერიოდი ევროპაში უვიზო მიმოსვლას საფრთხე დაემუქრა, რაც ევროკავშირის რიგ სახელმწიფოებში საქართველოდან თავშესაფრის მსურველთა რიცხვის ზრდამ, კრიმინალის დონის მატებამ და ამ დანაშაულებში ჩვენი მოქალაქეების ჩართულობამ განაპირობა. სახელმწიფო სტრუქტურების აქტიური ძალისხმევით ე.წ. „დროებითი შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. კვლევის, თვლის შედეგებს დავუბრუნდეთ. გამოკითხულთა 90 პროცენტი ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში სამოგზაუროდ არ ყოფილა. რესპონდენტთა 5 პროცენტი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთხელ იმოგზაურა. მათი რაოდენობა, ვინც შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმისვლით რამდენჯერმე ისარგებლა, გამოკითხულთა 3 პროცენტია.

არავინ კამათობს, რომ უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყანა თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას უკავშირებს. უკვე მრავალი წელია, სხვადასხვა დონეზე გამართული შეხვედრებისას ნატოს წარმომადგენლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა! ყოველი მომდევნო სამიტი ადასტურებს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება, პერიოდულად ტარდება ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს, „მეტი ნატოა საქართველოში და მეტი საქართველოა ნატოში“, მაგრამ საქართველო ნატოს წევრი კვლავაც არ არის და არც არავინ იცის, როდის დადგება ის „სასურველი მომენტი“, რაზეც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსიდან ჩვენი პარტნიორები მიანიშნებენ ხოლმე... არადა, ჩვენში არაფერი შეცვლილა. ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 74 პროცენტი უჭერს მხარს. უნდა ითქვას, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ეს მაჩვენებელი 70-75 პროცენტის ფარგლებში მერყეობს...  

ევროკავშირი და ნატო − ჩვენ მიერ დეკლარირებული მომავალია, არადა, როგორც ამ კვლევის შედეგებიდან ირკვევა, საზოგადოების ნაწილს წარსულიც ურიგოდ როდი ახსენდება. თავად განსაჯეთ, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40 პროცენტი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. საბჭოეთის დაშლას ჩვენი ქვეყნისთვის კარგ მოვლენად რესპონდენტთა 50 პროცენტი აფასებს, ხოლო 11 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის... აკი ვთქვი, რომ ყველაფერი თვლადია, მაგრამ გულში ხინჯად მაქვს – ეს რაღა დასათვლელი იყო?! არ ვიცი. რას გაუგებ მას, ვინც განწყობას ითვლის...

 

მთავარი თემები