დასაწყისისთვის მოდით, ნუ დავიმცირებთ თავს და მტკიცედ განვაცხადოთ, რომ ცოტა ხნის წინ რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მომზადებული მოხსენება რუსეთის ტელევიზიის მდგომარეობის თაობაზე დაწერეს ადამიანებმა, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ სიკეთეს აკეთებენ და მნიშვნელოვან პრინციპებს იცავენ. ფიქრი იმაზე, რომ ყველა, ვინც რამეში არ გეთანხმება ვიღაცას ჰყავს მოსყიდული – თავის მოტყუებაა. ყველა არაა მოსყიდული.
ასე რომ, ისინი გულწრფელად გაოცდნენ იმით, რომ რუსეთის ტელევიზია „არაევროპულად“ აშუქებს უკრაინის კონფლიქტს და სიტუაციის გამოსასწორებლად რეკომენდაციები შემოგვთავაზეს. უბრალოდ ბრწყინვალე რეკომენდაციები. მათშია მთელი არსი.
სხვა რამეზე ვმაუწყებლობთ
დასაწყისისთვის – რამდენიმე ფაქტი ამ მოხსენების შესახებ. ის, სხვათა შორის, საკმაოდ ძველია, 18 მაისსაა დაწერილი. აღმოსავლეთევროპული პარტნიორობის „სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ მის მოკლე, სრულ და განმარტებითი წინასიტყვაობის შემცველ ვერსიას. „რუსულ ტელევიზორს“ აკვირდებოდნენ და დასკვნას აკეთებდნენ ადამიანები ექვსი ორგანიზაციიდან – სლოვაკეთიდან, სომხეთიდან, მოლდოვადან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან და საქართველოდან. მოდით, ნუ დავიწყებთ იმის გარკვევას, თუ რამდენად დიდი, დამოუკიდებელი და გავლენიანი ორგანიზაციები არიან ისინი.
გაჩნდა მოხსენება, სიტყვასიტყვით, „ევროკავშირის დახმარებით“ (აბა, დახმარების გარეშე როგორ?). ძალიან კარგი. უფრო ზუსტად, დახმარებას უწევდნენ: Eastern Partnership Civil Society Forum Secretariat (EaP CSF), European Endowment for Democracy (EED) და კიდევ Krajowa Rada Radiofonii i Telewizji (KRRiT). ინგლისურად დასახელებებს იმათთვის ვწერ, ვინც გადაწყვეტს მოიძიოს რაზე და ვისზეა საუბარი.
აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ ამ დოკუმენტის არსი და დასკვნები სავსებით არ მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არ ეთანხმებიან უკრაინის კონფლიქტის რუსულ გაშუქებას – რაღა თქმა უნდა, არ ეთანხმებიან. დოკუმენტი დაწერილია იმისთვის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ტერიტორიებზე, ანუ უკრაინაში, ბელორუსში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში რუსულ ტელევიზიებს ებრძოლონ. რეკომენდაციები სწორედ ამის თაობაზეა გაცემული.
კომენტარები თავად რიგის სამიტის (რომლისთვისაც მოამზადეს მოხსენება) წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე მრავლად იყო. მაგრამ მოდით, ნუ ჩავუღრმავდებით მათ, უბრალოდ, შევხედოთ მოხსენებას, როგორც რაღაც განკერძოებულს და ვცადოთ გამოვიცნოთ, რა მოხდება, თუკი მისი რეკომენდაციების შესრულებას დაიწყებენ.
თავდაპირველად შეფასებით ნაწილს გადავხედოთ. აი ისიც: რუსეთში განუხრელად უზიარებენ აუდიტორიას იდეას, რომ ეს აშშ ეწევა კამპანიას ქვეყნის წინააღმდეგ; ნეგატიურად წარმოაჩენენ უკრაინის ხელისუფლებას, საერთოდ არ აჩვენებენ ან უგულებელყოფენ მათ პოზიციას (თქვენ რა, ბიჭებო, სერიოზულად ამბობთ ამას – არ ვაჩვენებთ?). კიდევ – რუსები ხაზგასმულ სიმპათიას იჩენენ ერთი მხარის (დონბასის)მიმართ და სიძულვილს მეორე მხარის მოქმედებების მიმართ (და რა, მაგალითად, უკრაინელების მხრივ გორლოვკის დაცხრილვით გამოწვეული სიძულვილი უნდა დავფაროთ?).
რაღაცას მახსენებს ეს ყოველივე. საერთოდ კი, ჩვენ აქ იმას აღვწერთ, როგორ უდგებიან ამერიკულ-ევროპული მედია–საშუალებები (უკრაინულზე აღარაფერს ვამბობ) იმავე მოვლენებს. სრულიად საპირისპიროდ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გირჩევთ დააკვირდეთ, როგორ აშუქებენ დასავლელები უკრაინის კონფლიქტს და ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება (რუსეთის მსოფლიო მედიის სარკეში: ფანატიკოსთა შეთქმულება). რუსეთის წინააღმდეგ „აგრესიის ინდექსის“ ჩათვლით, აბსოლუტურად ერთნაირი მიდგომების ჩათვლით, ვის ციტირებენ და ვის აძლევენ სიტყვას… ჭკუის სასწავლებელი სურათია. ტვინების ტოტალიტარული საინფორმაციო დამუშავების კლასიკური სურათი, რომელიც არც პირველია და არც უკანასკნელი.
დაე, ნურავის გაუკვირდება, რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვა ტელესურათიც.
მაგრამ განაჩენი არ დასრულებულა. ირკვევა, რომ რუსულ ტელევიზიაში ძალიან ბევრი უკრაინაა – და რა უნდა ვაჩვენოთ? აი რა: საჭიროა „ჭეშმარიტად საზოგადოებრივი დისკუსია გადაუდებელი ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური საკითხების ირგვლივ, ნავთობზე ფასების დაცემის ჩათვლით“. დიდი მადლობა, რომ გვიკარნახეთ! თორემ რუსეთში ამაზე ხომ არავინ მსჯელობს.
დაარღვევ – სანქციები დაგიწესდება
კარგით, მაშ როგორ უნდა ვიტელემაუწყებლოთ? გადავდივართ რეკომენდაციებზე: ახალი ამბებისა და განსაკუთრებით კი დისკუსიების ტელეწამყვანებისთვის. მაგალითად, საჭიროა არა უბრალოდ მივცეთ სიტყვა საპირისპირო მხარეებს (თანაც, თანაბარი დროით) და მინიშნებითაც კი არ წამოვწიოთ ოფიციალური თვალთახედვა დისკუსიებში, არამედ „სხეულის ენასაც“ კი უნდა მიექცეს ყურადღება. არ შეიძლება სიტყვით ან ხელის მოძრაობით დავუჭიროთ მხარი მოსაუბრეთაგან რომელიმეს. თავის დაქნევაც კი არ შეიძლება.
ესე იგი, ტელე–ჟურნალისტებმა ერთგვარი ზომბების აღლუმი უნდა მოაწყონ: გაქვავებული სახეებით იდგნენ სმენაზე, ამას სამოცი წამი, იმას სამოცი წამი, საკუთარი აზრები – ჯიბეში… საინტერესოა, ვიღა წავა ტელევიზიაში სამუშაოდ?
ეს გრძელი ისტორიაა – დღეს დასავლური ცივილიზაციის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიები იმის შესახებ, თუ რად გადაიქცა ჟურნალისტიკა და როგორი უნდა ყოფილიყო ის. ჩვენ კი მანამდე ძირითად ფაქტს შევხედოთ. ისინი სინამდვილეში ხომ იმდენად რუსეთს არ ასწავლიან, რამდენადაც რეკომენდაციებს იძლევიან ამ ექვსი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების თაობაზე. საქმე ისაა, რომ როგორც მოხსენების ავტორები აღიარებენ, რუსეთის ტელევიზია იქ ძალზე პოპულარულია. ჰოდა, ბრძოლაა საჭირო.
და რახან ასეა, საჭიროა მეტი საეთერო დრო დაეთმოს „ჭეშმარიტად დამოუკიდებელ“ ტელეკომპანიებს, ანუ იმათ, რომლებიც რუსეთის ტელევიზიის ალტერნატივად მოიაზრება.
„საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური კოდექსებისა და სტანდარტებისადმი“ საყოველთაო ერთგულების წახალისება (ეს მათ, ვისაც რუსეთის წინააღმდეგ „აგრესიულობის ინდექსი“ მაღალზე მაღალი აქვს?). და თუ ვინმე ამ რეკომენდაციებს არ ასრულებს, მაშინ „სათანადო სანქციების“ გამოყენება ხდება საჭირო, რომლებიც „ჩადენილი დარღვევების სერიოზულობის“ თანაფარდი იქნება. აბა, რა გეგონათ.
და რადგან შესაძლოა ექვსი „აღმოსავლელი პარტნიორის“ ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი არ იყოს, ასეთ შემთხვევაში უნდა გააქტიურდეს ევროპის სამაუწყებლო კავშირი (შემოკლებით EBU) და ადგილობრივ მოსახლეობას ასწავლოს, როგორ უნდა შეესატყვისებოდნენ ეუთოსა და ევროკავშირის ნორმებსა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს.
ზოგადად ეს მედიასივრცის ოკუპაციის რეცეპტია. მისი კომენტირება, ალბათ, არც ღირს, თუმცა… რაღაც ხომ არის ნაცნობი. მახსენდება, ამ დღეებში იმაზე ვწერდი, თუ როგორ აპირებს ვინმე მიხაილ კასიანოვი რუსეთში ძალაუფლების ხელში აღებას. ჯერ – სისხლიანი გადატრიალება, მერე კი ტვინების დამუშავების მთელი წელი ტელევიზიაში „სამოქალაქო საზოგადოების დაშვების“ პირობებში.
კი მაგრამ, მე ხომ ეს სიტუაცია მახსოვს. ეს ხომ უკვე იყო. 90-იანების დასაწყისში ლიბერალური ძალების ლამის სრული მონოპოლია ძირითად ტელეარხებსა და საერთოდ მედიაში. მე მაშინ ჟურნალისტიკიდან წასვლა მომიწია იმიტომ, რომ იმ წლებში მე მხოლოდ და მხოლოდ აზიაზე ვწერდი. საამისოდ განათლებაც მქონდა და პირადი გამოცდილებაც, ვინაიდან იყო მითითება: აზიის შესახებ უნდა ითქვას ცუდი, ან საერთოდ არაფერი. ჩვენი გზა ევროპაში მიდის…
და რა გამოვიდა? 1999 წელს მე ისევ მედიაში ვმოღვაწეობდი და სიმწრით ვეძებდი რუსეთში ოპონენტს – ევროპრინციპების შესაბამისად – რომელიც მხარს უჭერდა იუგოსლავიის დაბომბვას. მსურველი თითქმის არ იყო. სწორედ ისე, როგორც ახლა, თავიდან ჯგუფდებიან პოლიტიკური პარტიები, ირიცხებიან მათი ყოფილი დამფუძნებლები, თუ ისინი მხარს დაუჭერენ დონბასში უკრაინელთა ვერაგობას. მოკლედ, 90–ანების დასაწყისის ევრო-საინფორმაციო-ტერორის შედეგებმა უბრალო რეზულტატამდე მიგვიყვანა: რაც უფრო მეტს ცდილობდნენ ისინი, მით მეტ ხმას კარგავდნენ არჩევნებზე. სანამ მთლად არ დაკარგეს ამომრჩეველი.
საერთოდ, რაში გვჭირდება 90-იანების გახსენება? აგერ თქვენ ყირიმი. იქ ადამიანები მრავალი წლის განმავლობაში უყურებდნენ უკრაინულ ტელევიზიას. მათ შორის, გასული წლის გაზაფხულზეც. უფრო მეტიც, გაგიკვირდებათ და ახლაც უყურებენ (დონბასშიც კი) – მიჩვეულები არიან. რეფერენდუმებსა და გამოკითხვებში კი რასაც აძლევენ ხმას, თავადაც მოგეხსენებათ. რუსეთს.