თბილისი, 8 მაისი — Sputnik. მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2 ათას ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 1.000 ლარს მიიღებენ.
ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ.
განკარგულების თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისა) ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების სააგენტო. თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისათვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამისი სახსრების გამოყოფას კი თბილისის მერია უზრუნველყოფს.
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის 46 ვეტერანი ცხოვრობს.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.