გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას მიღებული: კობახიძე ფასების შემცირებაზე

ბიზნესის ინტერესების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგანაც ზედმეტად უხეშმა ჩარევამ შეიძლება მთლიანად ჩამოშალოს სექტორი. ასეთ შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება ფასებზეც, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. გზა, რომელიც ფასების შემცირების საკითხში შედეგამდე მიგვიყვანს, არის მეტი გამჭვირვალობა, მონიტორინგი და მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „ღია ეთერში“.
1-ელ მაისს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელმა საპარლამენტო დროებითმა კომისიამ წარმოადგინა დასკვნა, რომელშიც მოცემულია ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციები ფასების შესამცირებლად. თუმცა, კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ფასების კონტროლი ან ხელოვნურად შემცირებული ფასები „ბაზარზე დადებით გავლენას ვერ მოახდენს“.
პრემიერის თქმით, იმისათვის, რომ არ დაზიანდეს არცერთი მხარის, მათ შორის, ბიზნესის ინტერესები, აუცილებელია ნებისმიერი გადაწყვეტილების კონსულტაციების საფუძველზე მიღება.
„ბიზნესის ინტერესების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგანაც ზედმეტად უხეშმა ჩარევამ შეიძლება მთლიანად ჩამოშალოს სექტორი. ასეთ შემთხვევაში ეს პირდაპირ აისახება ფასებზეც. საჭიროა ფრთხილი მიდგომა. ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე უნდა ჩამოვყალიბდეთ ოპტიმალურ მიდგომებზე. ეს შეიძლება იყოს მოკლევადიანი მიდგომები და ამის მაგალითია ძირითადი კალათის განსაზღვრა, სადაც შეიძლება, მოკლევადიან პერიოდში მოვახერხოთ ფასების შემცირება", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საჭიროა ბაზრის გამჭვირვალობაზე ზრუნვა, რაც კომისიის დასკვნის ერთ-ერთი ნაწილია. მისი თქმით, გამჭვირვალობა პროცესებზე უკეთ დაკვირვებას შესაძლებელს გახდის.
„შეიძლება, არსებობდეს გარკვეული კარტელური გარიგებების რისკი და ამის იდენტიფიცირება გამჭვირვვალობის პირობებში უფრო მარტივი იქნება. გამჭვირვალობა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს სათანადო მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება არასწორ პრაქტიკაზე, საბოლოო ჯამში, არათუ არ უპირისპირდება ბიზნესის ინტერესებს, პირიქით, ბიზნესის ინტერესებთან შესაბამისობაშია", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბაზრის მოთამაშეებს შორისაც, ქსელურ მარკეტებს შორისაც შეინიშნება ტენდენციები, მაგალითად, მიწოდების ჯაჭვის დამოკლების ტენდენციები, რაც შეამცირებს ფასნამატს.
„საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია შემცირდეს. თუ მოხდება ამ ჯაჭვის ოპტიმიზაცია, ფასნამატის შემცირება არის შესაძლებელი, რაც აისახება ფასებზე. ჩვენ ვნახეთ გერმანიის პრაქტიკა და საწყობიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს არაუმეტეს 30%-ს. ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რაც ასევე კომისიამ დაადგინა. თუ ჩვენ ამ სტრუქტურულ პრობლემას დავძლევთ, ფასები აუცილებლად შემცირდება. ეს არის საშუალოვადიანი ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 2025 წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა - მიმდინარე წლის იანვარში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების სამთავრობო კომისია, ხოლო თებერვალში - საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
ფასწარმოქმნის კომისიის დასკვნა.
საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელმა კომისიამ შეიმუშავა სურსათის ფასების შემცირების სტრატეგია.
კომისიის რეკომენდაციები მოიცავს სამ სფეროს - საშუალოვადიან, გრძელვადიან და მოკლევადიან ზომებს - რომლებიც საქართველოში სურსათის ფასების შემცირებაზე აისახებოდა.
საშუალოვადიანი სტრატეგია გულისხმობს სურსათის სექტორისთვის ინსტიტუციური ჩარჩოს შემუშავებას.
კომისიის აზრით, აუცილებელია საშუალოვადიან პერიოდში ისეთი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომლებიც გააუმჯობესებს ბაზრის გამჭვირვალობას, შეამცირებს ღირებულებათა ჯაჭვში არსებულ ასიმეტრიას და შექმნის უფრო კონკურენტულ და პროგნოზირებად გარემოს.
გრძელვადიან პერსპექტივაში კომისია ხედავს გამოსავალს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაში ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც გააუმჯობესებს კომპანიების ლიკვიდობას, კაპიტალზე წვდომას და ოპერაციულ ეფექტიანობას.
როგორც კომისია მიიჩნევს, მოკლევადიან პერიოდში ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი საქართველოსთვის არ არის მკაცრი ფასების პირდაპირი კონტროლი, არამედ ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ფასების გამჭვირვალობას, კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლის ინფორმირებულობას.
კომისიის სრული ანგარიში ხელმისაწვდომია პარლამენტის ვებსაიტზე. ის განსახილველად მთავრობას წარედგინება, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტს, კომისიის მიერ რეკომენდებული ღონისძიებებიდან რომელი უნდა განხორციელდეს.