ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე,
შსს-ის ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედებით დაადგინა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ. ასევე რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“და სხვ.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
უწყების ცნობით, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2,5 ათასზე აბზე მეტი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.