ყაჩაღობა მარტვილში: დაკავებულია ორი პირი

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარტვილში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
41 და 34 წლის მამაკაცებს, რომლებიც წარსულში ნასამართლევი პირები არიან, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილს, გვიან ღამით, შეიარაღებული მამაკაცი, თანამზრახველებთან ერთად, ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ პირს, მას ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ 41 წლის ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა - ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ყაჩაღურად გატაცებული თანხის ნაწილი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო 34 წლის მამაკაცისთვის, თუმცა მან მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველების მიერ დანაშაულის ჩამდენი კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლოთ მიმდინარეობს.