ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ბექა დვალი წარადგინეს

ამ დროისთვის ბექა დვალი ავსტრალიაში საქართველოს ელჩია. ისრაელში ელჩის პოსტი 2025 წლის დეკემბრიდან არის ვაკანტური, მას შემდეგ რაც ზაზა კანდელაკი ელჩის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გამოიწვიეს.
Sputnik
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ბექა დვალის კანდიდატურა პრეზიდენტს წარედგინა.
შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, ბექა დვალმა აღნიშნული პოსტი 2026 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა დაიკავოს.
ამ დროისთვის ბექა დვალი ავსტრალიაში საქართველოს ელჩია. ისრაელში ელჩის პოსტი 2025 წლის დეკემბრიდან არის ვაკანტური, მას შემდეგ რაც ზაზა კანდელაკი ელჩის თანამდებობიდან ვადაზე ადრე გამოიწვიეს.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „." ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2026 წლის პირველი ივლისიდან ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ბექა დვალის კანდიდატურა”,- ნათქვამია განკარგულებაში.
ამასთან, პრემიერის კიდევ ერთი განკარგულებიდან ირკვევა, რომ სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ბექა დვალი ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აღარ იქნება.
დამტკიცების შემთხვევაში, დვალი ისრაელში ელჩის უფლებამოსილების აღსრულებას 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შეუდგება.
ბექა დვალის პროფესიული კარიერა:
2026 წლის 1-ელი ივლისიდან – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში (წარდგენილი კანდიდატურა);
2022 წლის ნოემბრიდან დღემდე – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში. ამავდროულად, 2023-2025 წლებში აკრედიტებული იყო ელჩად (რეზიდენციით კანბერა) შემდეგ ქვეყნებში:
ახალი ზელანდია
ფიჯის რესპუბლიკა
ტუვალუ
ტონგას სამეფო
ვანუატუს რესპუბლიკა
სოლომონის კუნძულები
სამოას დამოუკიდებელი სახელმწიფო
2012 – 2022 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამ პერიოდში ის ასევე ფარავდა (რეზიდენციით პრეტორია) აფრიკის 12 სხვა სახელმწიფოს (მათ შორის: მოზამბიკი, მავრიკი, ბოცვანა, მადაგასკარი, ზამბია, ზიმბაბვე, ნამიბია, ანგოლა, ლესოტო, ესვატინი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მალავი);
2009 – 2012 – საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში;
2009 – საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2008 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი;
2004 – 2008 – აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი;
2000 – 2004 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველო (მესამე მდივანი, მეორე მდივანი, შემდგომ კი სამმართველოს უფროსი);
1999 – საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი.