თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულს, რომელიც წარსულში ნასამართლევი პირია, ბრალის დამტკიების შემთხვევაში 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილის გვიან ღამით, დუშეთის მუნიციპალიტეტში 4 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ცივი იარაღით ჭრილობები ოთხივე მათგანმა მიიღო.
ერთ-ერთი დაჭრილი - 47 წლის მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაპირისპირებაში მონაწილე სამივე პირი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილს სასიკვდილო დაზიანება სწორედ დაკავებულმა მიაყენა, რომელიც პოლიციამ შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.