თაროებს აცარიელებდნენ - პოლიციამ ძარცვისა და ქურდობისთვის არასრულწლოვნები დააკავა

არასრულწლოვნები თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ.
"არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30.000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ძალადობით, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა. არასრულწლოვანმა საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2, მე-3, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.