გაკოჭეს, შემდეგ ფული და ოქრო წაართვეს - თბილისში ყაჩაღობაზე ორი პირი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, მესამე პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტრო ავრცელებს.
25 და 26 წლის დაკავებულიდან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით, ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს. მიმდინარე წლის 14 აპრილს, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი, გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ყაჩაღურად დაეუფლნენ მათ კუთვნილ თანხას 181.000 აშშ დოლარის ოდენობით, მაჯის საათსა და ყელსაბამს. დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სამივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა დაადგინეს და მათ მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები გაატარეს. პოლიციამ მ.მ. და კ.პ. ბრალდებულის სახით დააკავა.
ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.