თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციას 20 აპრილს დაიწყებს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები.
"გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება. შედეგად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება უზრუნველყოფს სწავლების სტანდარტების ამაღლებას და ქმნის სამართლიან და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს", - აღნიშულია ინფორმაციაში.
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge შეუძლიათ.
მონაწილეთათვის ერთი გამოცდის საფასური შეადგენს 50 ლარს.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაეცნონ სიახლეებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს.