თბილისი, 15 აპრილი – Sputnik.
თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, 20 კი დაშავდა, იუწყება „Sputnik საქართველო".
თავდამსხმელი იმავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლე იყო. არსებული ინფორმაციით, მან ცეცხლი ჯერ სკოლის ეზოში გახსნა, შემდეგ კი შენობაში შევიდა და სროლა გააგრძელა.
თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
© REUTERS Sukru Dolas
დაღუპულებიდან ერთი მასწავლებელია, სამი - მოსწავლე, რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია, აღნიშნა ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორმა მუკერემ უნლუერიმ.
თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
© REUTERS Sukru Dolas
„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დაჭრილი ძმები და დები გამოჯანმრთელდებიან. მსგავსი თავდასხმა სხვა სკოლებში არასდროს მომხდარა. თავდამსხმელიც გარდაიცვალა. მან ქაოსის დროს თავი მოიკლა. არ ვიცით, ეს თვითმკვლელობა განზრახ ჩაიდინა თუ ქაოსის გამო“, - განაცხადა გუბერნატორმა.
თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
© AP Photo / IHA
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელის მამა ყოფილი პოლიციელია. სამართალდამცველების ვარაუდით, მოზარდმა მამის იარაღი აიღო. ცნობილია, რომ თავდასხმა მეხუთე კლასის მოსწავლეების წინააღმდეგ განხორციელდა.
თავდასხმა თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში
© REUTERS IHA
აღნიშნული ფაქტი ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის სკოლებში შეიარაღებული თავდასხმის მეორე შემთხვევაა. გუშინ შანლიურფის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.