თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.
უწყების ცნობით, პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტამბულში ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებსაც.
დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე შედიან.
საქართველო და თურქეთი
საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. სახელმწიფოები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში.
გარდა ამისა, ქვეყნები ავითარებენ თანამშრომლობას მრავალმხრივი მიმართულებით, მათ შორის, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.