თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. საქართველოს სააფთიაქო ქსელებში გაყიდვაში არსებული ბავშვთა კვების ფასები შესაძლოა შემცირდეს მას შემდეგ, რაც ფასების საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია მუშაობას დაასრულებს, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
საქართველოში ფასწარმოქმნის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასული წლის დეკემბერში მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე შესაძლო ხელოვნურად გაბერილ ფასებთან დაკავშირებით განაცხადა. თებერვლის დასაწყისში სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა.
როგორც ცნობილია, საქართველოში გაყიდვაში არსებული ბავშვთა კვება მთლიანად იმპორტირებულია. პროდუქცია იმპორტიორებს შემოაქვთ, რომლებსაც შემდგომში პროდუქცია სააფთიაქო ქსელებში შეაქვთ.
„რაც შეეხება ბავშვთა კვების მიმართულებას - მნიშვნელოვანია, რომ აქაც გვაქვს გარკვეული მექანიზმები, რომლის წარმატებით ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება ხელშესახები შედეგები მივიღოთ. მივესალმებით ფარმაცევტული კომპანიების იდეას, რომელიც მწარმოებლებისგან პირდაპირ შესყიდვებს უკავშირდება, რაც ფასწარმოქმნის ჯაჭვს მნიშვნელოვნად დაამოკლებს. პარლამენტი მზად არის ამ ნაწილში შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდგეთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
საქართველოში ბავშვთა კვების საშუალო ფასია 30 ლარი (400 გრამი). პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ პროდუქციის ფასი საქართველოში ევროპაში არსებულ ფასებს 35-40%-ით აჭარბებს.
კომისიის მუშაობის საფუძველზე აპრილის ბოლოს მომზადდება ანგარიში, რომელიც, მთავრობის აზრით, გავლენას მოახდენს საქართველოში ფასების შემცირებაზე. ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა სახის მექანიზმებს გამოიყენებს სახელმწიფო ფასების რეგულირებისთვის.