დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. სამართლდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს და უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულები არიან გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქე და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
სამართალდამცველებმა გერმანიისა და ირანის ორმაგი მოქალაქე საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე, მეორე ბრალდებული კი საბაჟო გამშვები პუნქტ "ბათუმის პორტის" ტერიტორიაზე დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.