თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში არის წარმოდგენილი: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი.
სააგენტოს ცნობით:
ის პირები, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლის 30-ე დღე 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში უწევთ, გამოცდაზე გასვლას 14 -18 აპრილს შეძლებენ.
იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 14 აპრილის ჩათვლით.
იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 9 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 14 აპრილი.
9 აპრილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღეა. ეს თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
10-13 აპრილს კი აღდგომის უქმეებია. სააღდგომო დასვენების დღეები წითელ პარასკევს იწყება, რომელიც 2026 წელს 10 აპრილს ემთხვევა და მთავრდება 13 აპრილს – მიცვალებულთა ხსენების დღეს.
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 12 აპრილს ზეიმობს.