თბილისი, 4 აპრილი - Sputnik. თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გენერალური გეგმის ძირითად მიმართულებებსა და კონცეფციაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
"ყველა მუნიციპალიტეტის განვითარება უნდა დაიწყოს გენერალური გეგმის დამტკიცებით. მნიშვნელოვანია, რომ თელავის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო განვითარდეს და კულტურული ცხოვრება ქალაქში იყოს კიდევ უფრო მზარდი და საინტერესო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის", – განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, გეგმაში გაიწერა ყველა პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მდგრადი განვითარებისთვის. მათ შორისაა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქციებისა და სახელმწიფო სერვისების გადანაწილება, რაც კიდევ უფრო გაზრდის თელავის მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
შეხვედრაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, სხვადასხვა უწყებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.