წვევამდელისგან ქრთამის აღების ფაქტზე სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს

სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსს წვევამდელისგან 3 000 ლარის ქრთამის აღებას ედავებიან
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრელებულ განცხადებაში.
კერძოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია "გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის" ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით 3 ათასი ლარის სანაცვლოდ წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.
გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.