თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობაში, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან მოტყუებით, ბინაში გაზის გაჟონვის შესამოწმებლად გვიან ღამით მივიდნენ.
ბრალდებულებმა ცივი იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით რუსეთის მოქალაქეებს წაართვეს თანხა 2 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მობილური ტელეფონები და ლეპტოპი, შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ დამატებით 300 ათას აშშ დოლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა რამდენიმე საათის შემდეგ დაზარალებულები იარაღის მუქარით სხვადასხვა ავტომანქანებში ჩასვეს და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანეს.
სამართალდამცველებმა შვიდივე პირი ბრალდებულის სახით მარნეულში და გორში დააკავეს. დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გრძელდება.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე და 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.