თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქვეყნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ვიზის მისაღებად მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ.
საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოში არატურისტული მიზნით შემოსვლისა და ხანგრძლივი ყოფნისთვის ვიზა სჭირდებათ. ჩამონათვალში შედიან ინდოეთის, პაკისტანის, ვენესუელის, მიანმის, კამბოჯის და აფრიკის ქვეყნების უმრავლესობის მოქალაქეები.
ახალი წესების თანახმად, D1 კატეგორიის ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც მიიღო შრომითი საქმიანობის უფლება, ხოლო D5 კატეგორიის ვიზა გაიცემა პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150.000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს, უძრავი ქონების შეფასებას კი სერტიფიცირებული ექსპერტი ადგენს.
გარდა ამისა, საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების მინიმალური რაოდენობა საქართველოს საიმიგრაციო ვიზის (გარდა D5 კატეგორიის ვიზისა) გაცემის შემთხვევაში არის − სავიზო განაცხადის წარდგენის დღისთვის საქართველოში დადგენილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის არანაკლებ ხუთმაგი ოდენობა, ვიზის მოქმედების ვადის თითოეული თვისათვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქემ განაცხადი ვიზის მიღებაზე უნდა შეიტანოს წინასწარ და საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი დაურთოს.
აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში უვიზო რეჟიმით შემოდიან.