თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, რეალიზაციაში, რეალიზაციის ხელშეწყობასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში ედებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული - საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.
უწყების ცნობით, ასევე აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
კერძოდ, დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით.
სამართალდამცავებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, ,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, ,,მდმა", „ბუპრენორფინი“ და „კლეფედრონი“.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-260-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.