თბილისი, 31 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 626 კგ სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, განაცხადა შსს-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა თენგიზ სისაურმა.
უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მლნ ლარს აღემატება.
კერძოდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის "კოკაინი", "ჰეროინი", "მეთადონი", "მდმა", "ალფა-პვპ", "კეტამინი", "ამფეტამინი", "კანაფი" და "მარიხუანა". ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
„აღნიშნული ნივთიერებები სხვადასხვა დროს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის ამოღებული და მათი საერთო ღირებულება შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. პროცესი მაღალტემპერატურულ ღუმელში გარემოსდაცვითი სტანდარტის სრული დაცვით განხორციელდა", - განაცხადა თენგიზ სისაურმა.
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი ნადგურდება.