თბილისი, 28 მარტი - Sputnik. თითოეულ ჩვენგანს სიღრმისეულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ აუცილებელია ყოველდღიურად ვიმოქმედოთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
დღეს, 28 მარტს "დედმიწის საათი" (Earth Hour) აღინიშნება. "დედამიწის საათი" - ყოველწლიური საერთაშორისო ეკოლოგიური აქციაა, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით მარტის ბოლო ან ბოლოსწინა შაბათს იმართება. ეს აქცია შეახსენებს ყველას ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. გლობალური გარემოსდაცვითი ინიციატივა უკვე 20 წელია ტარდება.
მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც შეუერთდება ღონისძიებას და თბილისის დროით საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე სამთავრობო შენობების, ტელეანძისა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების განათება გაითიშება.
"ამ ინიციატივის მიზანი კლიმატის ცვლილების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს, რაც სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება. ინიციატივის ფარგლებში, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი და ასობით ქვეყანა ერთიანდება სიმბოლური აქტის გარშემო - ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე", - აღნიშნა სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც კლიმატის ცვლილების შერბილებისკენ არის მიმართული, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დღევანდელი დღისა და მომავლისთვის. დაცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა
ორგანიზატორები მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციის მსვლელობისას ერთი საათით გამორთონ დენი და საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობები და ამით გააღვივონ ინტერესი კლიმატური ცვლილებების, ბუნების დაბინძურების და სხვა ეკოლოგიური თემების მიმართ.