თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ მიიღო. ევროპის სასახლის წინ დაშვებულია საქართველოს დროშაც.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა.
ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო გლოვაა გამოცხადებული - გლოვის დღეები დაკრძალვის დღის, 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გლოვის პერიოდში აკრძალულია გასართობი ღონისძიებების გამართვა. რამდენიმე თეატრმა უკვე გააუქმა წარმოდგენები. ილია მეორის გარდაცვალების გამო "ნოვრუზ ბაირამთან" და "რამაზან ბაირამთან" დაკავშირებული ყველა ღონისძიება გააუქმეს მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებმაც. ასევე საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭომ "კლოჩე სარე სალეს" საზეიმო ცერემონიას გააუქმა. ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.