თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი მისწერა. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. ის იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, რესპუბლიკაში დიდი მწუხარებით შეიტყვეს ილია მეორის გარდაცვალების ამბავი.
„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს. ის ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის განმტკიცების, უსაფრთხოების, მეგობრობის და რელიგიათა შორის ურთიერთგაგების ინიციატივების მეშვეობით პატრიარქმა მოიპოვა განსაკუთრებული ადგილი მილიონობით ადამიანის გულში, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა“, - ნათქვამია წერილში.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელი შეუწყო ასეულობით ტაძრისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას.
ლუკაშენკომ აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს.
პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ. შესაბამისი გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.
ილია მეორის გარდაცვალების გამო გამოცხადებული ეროვნული გლოვა 22 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ახალი მწყემსმთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.