თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებულ 16 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, აქედან ერთს, თენგიზ თავდგირიძეს, დაუსწრებლად, იუწყება ქართული მედია.
აღკვეთის ღონისძიების სახით 7000 - ლარიანი გირაო შეეფარდა ქალ ბრალდებულს, მელანია ზოიძეს.
სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად. ბათუმის სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 17 პირთან დაკავშირებით იმსჯელა.
"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ბრალდებული არიან: ბაჩანა ჯაყელი, უჩა ჯაყელი, რამაზ მამულაძე, ბადრი ასაკურიანი, გიორგი დუმბაძე, თენგიზ თავდგირიძე (სხდომას არ ესწრება, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალი), რამაზ კახიძე, ხვიჩა დუმბაძე, მამუკა ხარაბაძე, ტარიელ დევაძე, ბადრი ჩიკვაიძე, უჩა ართმელაძე, ტარიელ კახიძე, რამინ ჭანიძე, რესან ბოლქვაძე, როინ დუმბაძე, მელანია ზოიძე.
არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
"იზოლატორში რომ მიგვიყვანეს, გვითხრეს, რომ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვსო და გამოგვიცხადეს, "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში ხართ ბრალდებულიო. მანამდე ეჭვი გვქონდა, რომ წამალს ჩაგვიდებდნენ. დაკავებამდე იყო ეპიზოდი, როდესაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე არ გამატარეს. ეს უკანონობა დასრულდება, შეიცვლება ყველაფერი და რიგ პოლიციელებს მოუწევთ პასუხის გაცემა. ციხეს გავუძლებთ, თუმცა სამართალი აუცილებლად იზეიმებს", - განაცხადა ბრალდებულმა უჩა ჯაყელმა სხდომის მიმდინარეობისას.
ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი დუმბაძის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ დუმბაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს.
წინასასამართლო სხდომა 13 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
სპეცოპერაციის შედეგად აჭარაში შსს-ს თანამშრომლებმა 72 პირი დააკავეს, მათ შორის სამი ქალია. დაკავებულებს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირი ედება ბრალად.