თბილისი, 17 მარტი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულები, რომელთა ასაკი 29-დან 51 წლამდეა, სამართალდამცველებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ვალესა" და "ჭარალის" დასაცავ მონაკვეთებზე დააკავეს. მათ საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასა და უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას ედავება.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში, ხოლო მესამე ბრალდებული სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.