თბილისი, 17 მარტი — Sputnik. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით სკრინინგის უფასო აქციებს ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკრინინგის აქციები 16 მარტს დაიწყო და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი მიზანი დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.
მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევები და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) სკრინინგი.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოკვლევებს ადგილზე თანამედროვე მეთოდებით კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ჩაატარებს.
"სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია", - აღნიშნავენ უწყებაში.
მათივე ცნობით, სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები კი უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას.
არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
აქცია რეგიონებში ეტაპობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდება.
სამედიცინო დაწესებულებებისა და თარიღების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია ბმულზე.