თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბელარუსის ვიცე-პრემიერ იური შულეიკოსთან, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძე იური შულეიკოს თბილისში პირისპირ შეხვდა.
"განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის როლს სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის თვალსაზრისით", - აღნიშულია ინფორმაციაში.
შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომის გამართვის მნიშვნელობა, ქვეყნებს შორის აქტუალური ეკონომიკური საკითხების განხილვის თვალსაზრისით.
მხარეებმა ისაუბრეს ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით დინამიკასა და საქართველოში ბელარუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ლუკაშენკო პირველად ეწვია თბილისს ოფიციალური ვიზიტით.
ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.