ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
47 და 49 წლის პირებს საგამოძიებო უწყება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.