თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ოთხი სახელმწიფო ჩარტერული რეისით ომანიდან და საუდის არაბეთიდან საქართველოში დაბრუნდა 558 ადამიანი დაბრუნდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს მთავრობამ 2 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან სამშობლოში თანამემამულეების დაბრუნება სპეცრეისებით უზრუნველყოს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ელჩებს, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გია ჯანჯღავას, ასევე კატარში – ვაკო ავალიანს, საუდის არაბეთში – ნიკოლოზ რევაზიშვილს და ასევე მადლობა ამ საელჩოების თითოეულ თანამშრომელს, ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ყველა რეისი სრულად დაფინანსდა სახელმწიფოს მხრიდან.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. ვრცელდება ინფორმაცია ნგრევისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ. საპასუხოდ ირანმა განახორციელა სარაკეტო დარტყმები ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე.
საქართველომ სრული სოლიდარობა გამოუცხადა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც ქვეყანას გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს.
ხელისუფლებამ სამძიმარი გამოუცხადა როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკას და ირანელ ხალხს მშვიდობიანი მოსახლეობის, პოლიტიკური ლიდერებისა და ბავშვების დაღუპვის გამო, ისე ისრაელის მთავრობას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო.