თბილისი, 12 მარტი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში დღეს ხანძარი გაჩნდა - მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ინფორმაციის მიღებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე.
"ფაქტის შემსწრე ორი აქტივისტის გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მათივე ძალებით სწრაფადვე მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოკითხვის მიზნით, ორივე აქტივისტი პოლიციაში გადაიყვანეს, ალკოტესტით გადამოწმების შედეგად კი მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ.
გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაში ასევე გადაიყვანეს ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი.
ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების პროცესში, აიღეს ხანძრის შედეგად დაზიანებული კარავი, ასევე დამატებით უსაფრთხოების მიზნით, გათავისუფლდა მიმდებარე პერიმეტრი.