თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პარლამენტმა საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მეწარმეებს ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას უკრძალავს.
ცვლილებების თანახმად, ნებისმიერი სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც არ არის დაკავშირებული ბიზნესის ძირითად საქმიანობასთან, სუბიექტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაეთვლება.
დარღვევის დადგენის შემთხვევაში ბიზნეს-სუბიექტი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებითი ან ყოველი შემდგომი დარღვევისთვის - 40 ათასი ლარით.
პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
ამასთან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც იურიდიულ სუბიექტს, ისე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს.
პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 200 საათამდე ან თავისუფლების 3 წლამდე ვადით აღკვეთით. ხოლო არაერთგზის შემთხვევაში - პასუხისმგებლობა იქნება 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-საათამდე.