თბილისი, 2 მარტი — Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მ შაბათს, 28 თებერვალს, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს, ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები:
მუსკატი (ომანის სასულთნო) – თბილისი (საქართველო)
03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით);
05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
რიადი (საუდის არაბეთი) – თბილისი (საქართველო)
04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით).
საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335; ტელეფონი: +971 2 553 36 83; ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071; ტელეფონი: +974 44 739 499; ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge.
„ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციაში.
1 მარტს ისრაელში საქართველოს საელჩომ თანამემამულეებისთვის, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელის სახელმწიფოს დატოვება ასევე შეუძლიათ სახმელეთო გზით – ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.
შაბათს, 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. საჰაერო იერიშიდან მეორე დღეს, 1-ელ მარტს ოფიციალურმა ირანმა დაადასტურა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის ფაქტი - მისი ლიკვიდაცია განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია აიათოლას ოჯახის წევრების: ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილისა და რძლის დაღუპვის შესახებ.
თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
საქართველოს მთავრობამ ისრაელისა და ირანის მოსახლეობას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პოლიტიკური ლიდერების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა.
ხელისუფლებამ ასევე პირობა დადო, რომ რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.