თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქრთამის მიცემისა და აღების ფაქტზე სამი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე -ერთი მოქალაქე, ქრთამის მიცემის ფაქტზე კი თბილისში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებითა და შუამავალი პირის დახმარებით, დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა. კერძოდ, მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ობიექტის მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და შუამავლის მეშვეობით მიიღო 15 ათასი ლარი.
ბრალდებულები ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის აღებისთანავე დააკავეს. ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე განსახორციელებელი უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელმა იმავე საჯარო მოხელეს, კვლავ შუამავლის მეშვეობით, გადასცა მოთხოვნილი 15 ათასი ლარი - ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია კომპანიის წარმომადგენელი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.