თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 2025 წლის ძირითადი მიღწევები შეაფასეს და 2026 წლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.
როგორც სარჯველაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი ცენტრის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებაა. მან მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა 2025 წლის მიღწევებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და ეფექტიან რეაგირებას.
სხდომაზე აღინიშნა რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მრავალწლიანი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენს, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები საქართველოში მალარიის ელიმინაციის ისტორიული შედეგის მიღწევაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის დაჯილდოვდნენ.