გადაიხედოს! დეპუტატი საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვაზე

დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილება ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს, დაწერა სოციალურ ქსელში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია აიკრძალება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.
„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს", - დაწერა ხუნდაძემ.
გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რეგულაცია არ ვრცელდება სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტზე, რომლებსაც ცვეთის უფრო მაღალი ხარისხი აქვთ და უფრო მეტად აბინძურებენ გარემოს.
„რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი", - განაცხადა ხუნდაძემ.
მისი თქმით, ასეთი ვითარება განსაკუთრებით დაარტყამს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.
„სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში“, - დაწერა ხუნდაძემ.
მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1-ელ აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება 1-ელ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, გადაწყვეტილება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იქნა მიღებული, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.