ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით თბილისში არასრულწლოვნები დააკავეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოზარდებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობისა და ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულების ასაკი 16-დან 18 წლემდეა. მათგან ერთი-ერთი არასრულწლოვანი წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი და ძარცვისთვის მხილებულია, ხოლო კიდევ ერთი ბრალდებული მხილებული იყო ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა თბილისში მდებარე "ნიკორა-ტრეიდის" კუთვნილი ერთ-ერთი ფილიალიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია, ასევე თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ბრალდებული თბილისში მდებარე "ორი ნაბიჯის" მაღაზიათა ქსელის ერთ-ერთი ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 800 ლარამდე თანხას.
სამივე არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე და 177-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.