თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში შევიდა - ამოღებულია დოკუმენტები და გამოკითხეს თანამშრომლებიც, იუწყება ტელეკომპანია " ტვ პირველი".
დღეს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეზე 3 თებერვალს რამდენიმე მისამართზე ჩხრეკები ჩატარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც. უწყების ინფორმაციით, შიდა აუდიტის და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე და სპეც. ტექნიკაზე (მათ შორის მეტროს ვაგონები) გაწეული მოვლა-შენახვის, როგორც შიდა, ისე გარე მომსახურებების ხარჯები, რომელიც მოიცავს 2023-2024 წლების პერიოდს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიაში პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ასევე აუდიტის ფარგლებში შესწავლილი იქნა თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალს შორის მეტროს მოძრავი შემადგენლობის 12 ვაგონის მოდერნიზაციის მომსახურების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება.
"მასალების შესწავლით გაჩნდა კითხვები, რომელიც საჭიროებს პასუხის გაცემას, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში",- ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, საქმეს საფუძვლად თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან შემოსული წერილი და შემოწმების მასალები დაედო.
გამოძიება სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.