თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მოსწავლეზე ძალადობისთვის გათავისუფლებულ მასწავლებელს გარკვეული დროის განმავლობაში განათლების სისტემაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.
აღნიშნული საკითხი ერთ-ერთია იმ სიახლეთა შორის, რომელიც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში შემოდის.
ცვლილებების თამახმად, მასწავლებელს, ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება მოსწავლეზე ძალადობის გამო შეუწყდება, 3 წლის განმავლობაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება შეეზღუდება.
მთავრობა მოითხოვს ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას, რათა უზრუნველყოს სიახლეების სკოლებში დროული დანერგვა.
რეფორმა სკოლებში
გასულ კვირას საქართველოს განათლების სამინისტრომ სასკოლო განათლების ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც სტარტს 2026-2027 სასწავლო წლიდან აიღებს. აღნიშნული რეფორმა კერძო სკოლებს არ ეხება.
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 12-დან 11 წლამდე შემცირდება. მეთერთმეტე კლასში ორგანიზებული იქნება რეპეტიტორობის პროგრამა, რაც მოსწავლეებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას საშუალებას მისცემს, თუმცა მოსწავლეებს, რომლებსაც უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება სურთ, შესაძლებლობა ექნებათ 12-წლიანი სასწავლო კურსი სპეცკლასებში დაასრულონ.
მომავალი სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეუსრულდებათ. ამასთან, პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი ემატება - საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი. თავისუფალი ადგილები საყოველთაო რეგისტრაციის შემდეგ ეტაპებზე შეივსება.
ასევე, ყველა საჯარო სკოლაში მოხდება ერთიანი სასკოლო განათლების პროგრამის დანერგვა. თავად სასწავლო პროცესი უფრო ინტერაქტიული და აკადემიურისგან განსხვავებული უნდა გახდეს.
მოსალოდნელია, რომ სკოლებში ხელმისაწვდომი იქნება კლასგარეშე აქტივობების ძირითადი ნაწილი, ასევე იგეგმება სასკოლო კლუბების განვითარება.
გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით სკოლებში დაინერგება კარიერული ორიენტაციის პროგრამა და პროფესიული მომზადების კურსები.