ჩხუბი რესტორანში: პოლიციელის ცემის ფაქტზე მიმალვაში მყოფი 2 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოზურგეთში პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მიმდინარე წლის 27 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. კერძოდ, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიიღო
პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე მომხდარიდან მალევე - ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მიმალვაში მყოფი 20 და 29 წლის პირები დღეს, 31 იანვარს თბილისში ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების დასრულებამდე, ინციდენტში მონაწილე დაზარალებული პოლიციელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილია შსს კადრების განკარგულებაში.
რაც შეეხება ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30.000-ლარიანი გირაო შეუფარდა.